Powered By Blogger

Dieses Blog durchsuchen

Sonntag, 7. Februar 2010

გერმანული მორფოლოგიური ლექსიკონი canoo.net

ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის თითოეული სიტყვის მნიშვნელობის მოძებნა სირთულეს არ წარმოადგენს, რამდენადაც სიტყვაფორმები ძირითადად ემთხვევა სალექსიკონო ფორმებს. ე.წ. ძლიერი ზმნების ჩამონათვალი საკმაოდ მცირეა. სულ სხვა მდგომარეობაა იმ ენებში, რომელთა ფლექსია შედარებით რთულია. მაგალითად, როცა ფრანგულის შესწავლა ახალი დაწყებული მქონდა, მიჭირდა სიტყვა–ფორმების იდენტიფიკაცია შესაბამის სალექსიკონო ერთეულებთან. მაგალითად იმისთვის რომ გამეგო, რას ნიშნავს "dois" ფრანგული ზმნების მთლიანი პარადიგმა ხელახლა უნდა გამეცნო. ალბათ ასეთივე პრობლემებს წააწყდებოდნენ გერმანულის დამწყები შემსწავლელები, როცა ტექსტებში წააწყდებოდნენ ფორმებს: hülfe, mölke და სხვა. გამოდის, ჯერ მთელი მორფოლოგიური პარადიგმა უნდა შევისწავლოთ, რაიმე ჩვენთვის საინტერესო ტექსტი რომ სწორად გავიგოთ.

შესავალი: მიზნები, პოტენციური მკითხველები

მარსელ რაიხ რანიცკი, ძალიან ცნობილ და სკანდალურ გერმანელი კრიტიკოსი, "ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულ წიგნად" მიიჩნევს ... ძმები გრიმების გერმანული ენის ლექსიკონს! (ნახეთ აქ) ამ არჩევნის პარადოქსის გაშიფვრა ალბათ ძნელი არ არის: იგულისხმება, რომ სრულყოფილად დამუშავებული ლექსიკონი ბიბლიის მსგავსად წარმოადგენს მეტ–ნაკლებად წარმატებულ მცდელობას, ერთ წიგნში მოათავსოს რომელიმე (ენობრივი) საზოაგადოების მთლიანი ისტორია (ამ თვალსაზრისით უნივერსალური ლექსიკონი შეიძლება ყველა რომანს იტევდეს ერთდროულად). ვისაც მდიდარი წარმოსახვა აქვს, შეიძლება იფიქროს სხვადასხვა სახისა და სირთულის ცხოვრების ფორმებზე, რაც თითოულ სიტყვას ან გამოთქმას უდევს საფუძვლად.
ემთხვევა ჩვენი გემოვნება რანიცკისას თუ არა, დღეს განათლებული ადამიანის ცხოვრება ლექსიკონის გარეშე წარმოუდგენელია და ნებისმიერი საზოგადოების კულტურულობის ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორი ისიც არის, თუ როგორ აქვს მას აღწერილი ორგანიზებული და სტრუქტურული თავისი ენობრივი (ლექსიკური) ცოდნა.

ჩემი ბლოგის თემა მინდა იყოს ლექსიკონები. მიუხედავად იმისა, რომ ლექსიკონს დღეს თითქმის ყველა იყენებს, Lexikonsprachspiel მაინც ბლოგის მკითხველების ძალიან მცირე ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. ის განკუთვნილია მხოლოდ იმათთვის, ვინც ლექსიკოგრაფიის თეორიით, მეთოდებითა და პროდუქტებით პროფესიული თვალსაზრისით არის დაინტერესებული აქ ნახავთ ინფორმაციას ლექსიკონების ახალი ტიპების, ან ცალკეული გამოცემების, ახალი ლექსიკოგრაფიული თეორიების, ქართული ლექსიკოგრაფიის პრობლემების შესახებ, და last but not least საჭირო და საინტერესო ბმულებს.

ასეთი ბლოგის შექმნა საჭიროდ მიმაჩნია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ლექსიკოგრაფიული კულტურა არც ისე მაღალია (ქართული ლექსიკოგრაფიის უდიდეს მიღწევად ითვლება წიგნი სადაც ასეთი სტატია შეიძლება შეგვხვდეს: "ხრამული –მტკნარი წყლის გემრიელი თევზი", ქართ. ენის განმარტებით ლექსიკონს ვგულისხმობ), არამედ იმიტომაც, რომ ქართველი ლექსიკოგრაფები ცუდადიცნობენ ერთმანეთის ნამუშევრებს (ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ena.ge–ს და spelling.ge–ს დათვალიერების შემდეგ, ასევე ერთ–ერთი ჯერ დაუმთავრებელი მორფოლოგიური ლექსიკონის დათვალიერების შემდეგ. ბევრი ელემანტარულ სტანდარტებსაც არ იცნობს, კონკრეტულად ვინმეს დასახელება ახლა არ მინდა.

მოკლედ, ჩემი ბლოგის მთავარია მიზანია, ლექსიკოგრაფებმა ერთმანეთს გავუზიაროთ საჭირო ინფორმაცია და გამოცდილება. Einfach mitspielen!